ახალგზარდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად. ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები აცხადებენ, რომ როგორ შეიძლება გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას.
„რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ საჯარო განცხადებები, რომ როგორ შეიძლება, გაკეთდეს შრომის ბაზრის ანალიზი, ვინ ეკითხება სახელმწიფოს შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარებას და ამის საფუძველზე კვოტების განსაზღვრას. ექსპერტების სტატუსით მოსაუბრე ადამიანები გვეუბნებოდნენ ამ ყველაფერს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შრომის ბაზრის ანალიზი არ ჩატარებულა. გვაქვს ასეთი მდგომარეობა: ახალგაზრდები ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდეგ მათი დიდი ნაწილი საქმდება არა დიპლომის შესაბამისად. ანუ, ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში. საქართველოში დღეს არის 20 000 ექიმი. საერთაშორისო სტატისტიკას თუ შევხედავთ, ერთ-ერთი მოწინავე ვართ ამ მაჩვენებლით. როცა საუბარია 20 000 ექიმზე, უხეშად 40 წელზე რომ გადავიანგარიშოთ, გამოდის, რომ, იმისათვის, რომ ქვეყანაში ჭარბი რაოდენობით ექიმები არ მივიღოთ, 500-600 ექიმზე მეტი თუ გამოუშვა ჩვენმა სისტემამ, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი განწირულია იმისთვის, რომ თავისი დიპლომის მიხედვით ვერ დასაქმდება. ამიტომ არის საჭირო შრომის ბაზრის ანალიზის ჩატარება, რომ მომავალი ექიმები არ გავწიროთ ან ემიგრაციისთვის, ან იმისთვის, რომ დიპლომით ვერ იმუშავებს.
შევისწავლეთ როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორი და დავადგინეთ, რამდენი იურისტი სჭირდება ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში. დადგინდა, რომ წლის განმავლობაში მოთხოვნა არის 700 იურისტის გამოშვებაზე. 700-ის ზევით ახალგაზრდები განწირული არიან იმისთვის, რომ ვერ დასაქმდებიან. საქართველოში გასული 5 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, საშუალოდ უნივერსიტეტებში, იურიდიულ ფაკულტეტებზე ირიცხებოდა 3600 სტუდენტი. აქედან სწავლას ამთავრებდა 2050. მოთხოვნა არის 700. ეს ნიშნავს, რომ 3600 სტუდენტიდან 2900 განწირულია იმისათვის, რომ ვერასდროს ისარგებლებს იურისტის დიპლომით. აქ როგორ შეიძლება, არ ჩატარდეს შრომის ბაზრის ანალიზი? უახლოეს მომავალში გავმართავთ ამ კვლევის პრეზენტაციას, ჩართული იქნებიან განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა.
„არის კონკრეტული მიმართულება ასტროლინგვისტიკა, რაც სპეციფიკური პროგრამაა. რაც შეეხება პედაგოგიკას თსუ-ში, განათლების მიმართულება რჩება მთლიანად, არა გამომდინარე ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპიდან, პედაგოგიკა რჩება ილიას უნივერსიტეტში, თუმცა არის სპეციფიური პროგრამები. თუ არის გარკვეული ხარვეზები, რაც დასაბუთებული იქნება, რომ საჭიროებს მომატებას დაკლებას და ა.შ, თითოეულ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით მზად ვართ, შესწორება შევიტანოთ. ამის დრო ჯერ კიდევ არის. აქვე გპირდებით, სადაც იქნება არგუმენტები და მოვისმინეთ არგუმენტები, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ შევიტანოთ შესწორებები.
რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ერთ რამეს დავაზუსტებ, რომ შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა. თუ ხარვეზები გაიპარა, მზად ვართ, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ. ამისათვის დრო არის და მადლობა არგუმენტებისთვის და კომენტარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შრომის ბაზარზე იგულისხმება არა მხოლოდ დღეს არსებული მოთხოვნა, არამედ პოტენციური მოთხოვნაც.
„მაგალითად, დღეს, შეიძლება, ნაკლები იყოს მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე და მომავალში ეს, შეიძლება, პოტენციურად გაიზარდოს, შეიძლება, იყო ზრდის პოტენციალი და ეს არის გათვალისწინებული შრომის ბაზრის ანალიზში. ყველა მსხვილი სფერო არის აღებული – სამართალი, მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები და ყველა მიმართულებით არის განსაზღვრული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვოტები. თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

