ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ემიგრანტი დედა ეკა ბესელიას: “თქვენი დამსახურებით ვიხდით სასჯელს, დამნაშავე ხართ, სიცოცხლე მძულს და შვილებს მოვწყდი”

უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტი დედა იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც,  ვიზალიბერალიზაციის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. ამ ინიციატივას მხარს უჭერს დეპუტატი ეკა ბესელიაც, რომელსაც ემიგრანტი ქალი წერილით მიმართავს.

ის თავისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდებს აღწერს და წერს თუ რამ აიძულა, შვილების დატოვება და უცხო ქვეყანაში გამგზავრება.

,,თურმე საშიში დამნაშავე ვყოფილვარ, 3-დან 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება, თუ აქაურ ყოფას ვერ გავუძლებ, შვილების მონატრებას ვერ გავუძლებ, სამშობლოს მონატრებას ვერ გავუძლებ და დავბრუნდები. ბესელია და დანარჩენო ცხრა ბრძენო, შეკითხვა მაქვს თქვენთან: ახლა სად ვარ? ეს ციხე არ არის?..

26 წლის გოგო ციცქნა შვილებს მოვწყდი და ემიგრანტი გავხდი…. რატო ნეტა, იმიტომ, რომ შენ დამნაშავედ გექციე? თითი გამოგეშვირა ჩემკენ და… რა ვარ, რას მარქმევ, ნეტა…
დამნაშავე თქვენ ხართ, მე რომ სიცოცხლე მძულს, იმაში, თქვენ ყველა…

23 წლის ვიყავი, ბაღში მეეზოვედ ვმუშაობდი, ხელფასე 186 ლარი მქონდა… მთელი 6 ლარით მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, ფაქტობრივად მდიდარი მერქვა, მოხვედი მთავრობაში და მეეზოვეებიც კი გაგვანთავისუფლეთ, იქაც რომ თქვენი ხალხი დაგენიშნათ, გეგონება, დიდი სასწაული თანამდებობა მქონოდა, დიდი გლოვით და ტირილით გამოვემშვიდობე სამსახურს, მეგონა, ცა თავზე ჩამომექცა.

ბედმა გამიღიმა და ამ ასი დაპირებული ქარხნიდან ერთში ისევ დამლაგებლის ადგილი მერგო, სიხარულით წავედი, 186 ლარიდან 350 ლარი დიდი ნაბიჯი იყო. ეს სიხარულიც მალე ჩაქრა, დაეძინა ქარხანას და აგერ უკვე მეოთხე წელია უხელფასო შვებულებაში ვარ.. 186 ლარიანი სამსახური ვიდარდე და აბა, წარმოიდგინეთ, 350 ლარი ან სამსახურზე რა დამემართებიდა.

ახალი სამსახური გამოჩნდა, დღეში 20 ლარი….

პირობა ასეთი იყო: დილის 6 საათზე უნდა გამოვცხადებულიყავი მინდორში და 8 საათი მემუშავა კატასტროფა სიცხეში, მწვანე ლობიო უნდა გამემარგლა, გამეცალა ბალახი. (პირველი სირთულე – ლობიოს ფოთოლზე ალერგია მაქვს, მფოთლავს და კიდევ ერთი სამსახური რომ არ დამეკარგა, სვიტრი ან ,,საროჩკა” მეცვა, დიდად ვერ მიცავდა მაგრამ მაინც).
იქაც დროებითი აღმოჩნდა და… სწორედ მინდვრიდან იყო გზა საელჩოსკენ, საიდანაც ასე თქვენი თქმით, ციხის ღირს დამნაჩავედ ვიქეცი.

ეს მარტო სამსახურები მოგიყევი, ეკატერინე და დანარჩენო ცხრა!.. იქამდე ირჯერ მოვხვდი სავადმყოფოში, ერთხელ ხელწერილით წამოვედი სავადმყოფოდან და ნეტა, რის გამო? უფულობის ხომ არა? ჰო, სწორედ უფულობის გამო, ჩემ თვალწინ ,,გეი, ჰომოსექსუალი თუ ტრანსგენდერი”, რომელი იყო, თვითონაც არ იცოდა, დააფინანსეს 100%-ით, მე გამომიცხადეს, რომ არ მეკუთვნოდა. კითხვაზე თუ “რატომ?”, პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო – ,,ამათ მთავრობა იცავს”.
და მე რახან ჩამოთვლილთაგან არც ერთი ვარ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანიც არ ვყოფილვარ.

მეორედ რომ მოვხვდი, ოპერაცია გავიკეთე და სწორედ რომ ეს ახალი ნაოპერაციები ვიჯექი მინდორში და ვმარგლავდი  ლობიოს.

ისე გავხდი ემიგრანტი, აზრზეც ვერ მოვედი, ჩავეხუტე შვილებს და ავედი ორსართულიან ავტობუსში, ფანჯრის მხარეს დავჯექი, შვილებიც ფანჯარასთან მომიდგნენ, დაიძრა ავტობუსი და ჩვენ ერთმანეთს ხელი დავუქნიეთ…

რომელმა სიტყვებმა აღწეროს, რა ჯოჯოხეთი და ცოცხლად სიკვდილი გამოვიარე. რამდენჯერ გამიბუჟდა ხელფეხი და წამერთვა ქუჩაში ძალა. რამდენი ღამე გავათენე ტირილში თეთრად.
როგორ ვეძებდი ყველა ბავშვში საკუთარი შვილების სუნს. როგორ ვეხუტებოდი და ვეხუტები დღესაც სხვის შვილებს, რომლებიც საკუთარივით შევიყვარე და ჩახუტებისას როგორ ვხუჭავ თვალებს, მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოვიდგინო, თითქოს ჩემს შვილს ვეხუტები…

შენ მეუბნები, რომ მე დამნაშავე ვარ?! მაშინ ამიხსენი, რა დავაშავე, რომ ჩემთვის ციხეს განიხილავ, მეტი განსახილველი არაფერი გაქვთ?! ან თუ განსახილველი აღარაფერი გაქვთ, განიხილეთ და ააშენეთ ქვეყანა, იქნებ მახათები შეგეძინათ, პრემიები კი გაქვთ იმხელა, არ მგონია, დაგაკლდეთ თითო მახათზე ფული….

შეგვარგეთ ის ისედაც ციხეში ყოფნა, ტირილი, მოთქმა და ღამეების თეთრად თენება, მომსპარი ჯამრთელობა და ნერვებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი….
იცით, რა არის დედისთვის:
,,დე, როდის უნდა მოხვიდე”:
,,დე, მთელი ღამეა, გელოდები”:
,,დე, თვითმფრინავში დაგინახე, ფანჯარასთან იჯექი, მოდიხარ, ხო?”:
,,დე, შენ რომ მოხვალ, თუ კიდევ სადმე წასვლა მოგინდება, მე ხელს ჩაგჭიდებ მაგრად და აღარ გაგიშვებ”.
დაბოლოს, დაიღალა ლოდინით, ის სულ 4 წლისაა…

დამხვდით ათივე, აეროპორტში რომ ჩამოვალ, მე ისეთი საშიში დამნაშავე ვარ, ერთი ხელბირკილი ვერ დამიჭერს, ათივემ გამიკეთეთ, არსად გაგექცეთ…

ციხე? ციხე კი, ბატონო, თქვენია, ჩვენ ეს ციხეც გვეყოფა, თქვენი დამსახურებით ვიხდით სასჯელს მილიონობით დედა, მამა, ბებია და რა ვიცი, რამდენი მილიონი ქართველი…
მარადიულად ვერ ეძინება ერს, გამოვფხიზლდებით…

თქვენი საშიში დამნაშავე ირმა შუშანაშვილი.

იტვირთბა....