ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გია ხუხაშვილი: “ივანიშვილს სურს ურჩები ახლოს ყავდეს, რათა თავის ადგილზე მოსვას”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იქ მოხვედრა დაწინაურება არ არის.

“ვიღაცას აქვს ილუზია, რომ პოლიტსაბჭოში ყოფნა არის ბონუსი. ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს კარგი მასწავლებელი პირველ მერხზე სვამდა, რომ კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა. მე მგონია, ამასთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით ურჩები და ამბიციურები ახლოს უნდა გყავდეს იმისათვის, რომ თავის ადგილზე მოსვა და არა სადღაც გვერდზე ჩუმად ფაფხურობდეს.

საერთოდ არ ვუყურებ, რომ ერთი ფრთა გაძლიერდა და მეორე დასუსტდა. ვიღაც თუ პოლიტსაბჭოშია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კომფორტულად იგრძნობს თავს. პირდაპირ გეტყვით, უფრო პირიქით მგონია.  მდინარაძისა და თალაკვაძის პოლიტსაბჭოში ყოფნა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მათთვის კომფორტული მდგომარეობა იქნება. თუ დამიჯერებთ, მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილთან ერთ მაგიდასთან ჯდომა ძალიან ბევრისთვის. ძალინ ბევრი ცდილობდა, რომ დამალულიყო და იმ მაგიდასთან არ დამჯდარიყო. ამიტომ ამას დაწინაურებად ნურავინ ნუ აღიქვამს.

ივანიშვილი ყველაფერს შეცვლის. პირველ რიგში შეცვლის იმას, რომ ამ გამოუცდელ, უმწიფარ ადამიანებს ამბიცია რომ გაუჩნდათ, რომ ლამის ქვეყანა ჩაიბარეს, იმათ მოუწევთ თავის თავში ჩატევა, საიდანაც ხტებოდნენ ამ ბოლო დროს. ამას შეცვლის. პარტიის შიგნით კრიზისი გადაილახება. რა დაპირისპირებასაც ბოლო დროს ვუყურებდით, უმრავლესობის შიგნით, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის, ეს პრობლემები გადაილახება. რაც შეეხება უფრო დიდ სახელმწიფოებრივ ამოცანებს,  საგარეო პოლიტიკაში იქნება, საშინაოში, ეკონომიკაში თუ სოციალურ სფეროში, ამ მხრივ რა იქნება, არ ვიცი”-ამბობს ხუხაშვილი “რეზონანსისთვის”  მიცემულ ინტერვიუში.

იტვირთბა....