უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი გაიბუტა და გაიქცა, რითაც პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას ინსტიტუციებთან მიმართებაში პრობლემა გააჩნია, რაც გუშინ პასუხგაუცემელი დარჩა.
„გუშინ ძალიან მშრალი, არაფრის მთქმელი და სუბიექტური სიტყვა მოვისმინეთ, სადაც ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. როცა დებატების რეჟიმში ამ კითხვის ნიშნებზე მიუთითეს, პრეზიდენტმა ამ კითხვებს არათუ პასუხი გასცა, არამედ ქვეყნის პირველმა პირმა რეგლამენტის დარღვევა და დებატების ისეთ რეჟიმში გადატანა მოითხოვა, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, პასუხის ნაცვლად დარბაზი დატოვა.
ფაქტიურად, პრეზიდენტი გაიქცა და გაიბუტა. დარბაზიდან გავიდა და თითქოს “პრინციპული” მოთხოვნით რეგლამენტის დარღვევა მოითხოვა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ პრეზიდენტმა პასუხები არათუ არ გასცა, არამედ არც მოისმინა მოსაზრებები და მითითები. რა შეიძლება ამაზე ითქვას? პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას ინსტიტუციებთან მიმართებაში პრობლემა გააჩნია.
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციურ პრეზიდენტად გადაიქცა და პრეზიდენტი გახდა, რომელიც ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერებიდან გამომდინარე შესაბამის მოსაზრებებს ისმენს, ფაქტიურად, ქვეყნის ინტერესებს ემიჯნება. ძალიან კარგია, რომ მოახლოებულია საპრეზიდენტო არჩევნები და ძალიან მალე საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება, ისეთი, როგორსაც საქართველო იმსახურებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ მოითხოვა დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევა იყო. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.