პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მარგველაშვილისთვის პოლიტიკა კომფორტული საქმიანობა არ არის.
“პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ორნაირად შევაფასებდი. პოლიტიკურად მარგველაშვილის მიერ დარბაზის დატოვება არ იყო სწორი საქციელი. ამით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკა მისთვის კომფორტული საქმიანობა არ არის. ის უფრო პიროვნულ და ადამიანურ ჭრილში უყურებს ყველაფერს. მარგველაშვილს ემოციები ძალავს, არადა ამ დროს პოლიტიკოსს რკინის ნერვები ჭირდება. ადამიანურ ჭრილში შემიძლია, მისი საქციელი გავიგო. როდესაც ზღვარგადასულ უსამართლობას ისმენ, ამის ატანა ადამიანისთვის რთულია.
რაც შეეხება კენჭისყრას, ეს საერთოდ აბსურდი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე ერთის მხრივ ამტკიცებდა, რომ ეს კანონია და კანონს ვერ დაარღვევს და მეორე მხრივ, კენჭი უყარეს. რას უყარეს კენჭი, კანონის დარღვევას? ეს სამართლის ისტორიაში რაღაც ახალი სიტყვაა. დეპუტატებს დაუსვეს კითხვა თანახმა იყვნენ თუ არა, რომ კანონი დაერღვიათ. ეს არის აბსურდი.
თავად პრეზიდენტის მოხსენება იყო ნორმალური. ვფიქრობ, ორ ნაწილად ქონდა მას სათქმელი გაყოფილი. პირველი იყო ის, რაც ილაპარაკა. დასკვნით სიტყვაში კი ვფიქრობ, რამდენიმე გზავნილი ქონდა მომზადებული. უკმარისობის გრძნობა დაგვრჩა ყველას”, – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა გუშინ პარლამენტშ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. დეპუტატების გამოსვლისას კი დებატებში ჩართვის უფლება მოითხოვა, რაც არ დააკმაყოფილეს. ამის შემდეგ, მარგველაშვილმა დარბაზი დატოვა.