“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი თვლის, რომ პარლამენტს პრეზიდენტისთვის დებატებში ჩართვის უფლება უნდა მიეცა.
“მე არ ვთვლი, რომ პარლამენტის პრესტიჟის შებღალვის საკითხია, რომ პრეზიდენტს მივცეთ პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. ეს არის ნორმალური, ჯანსაღი, ეს არის პარლამენტი არსი, რომელსაც დღეს კლავს მდინარაძე, კობახიძე, ეს პოლიტიკური ლაწირაკები. პირდაპირ ამ ტერმინს გამოვიყენებ ამ ჯგუფთან მიმართებაში”- განაცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ქმედება არის თავხედი სკოლის მოსწავლის ქცევა.
“მე უბრალოდ გაოცებული ვარ, ეს კობახიძე-მდინარაძეები რომელ სკოლაში სწავლობდნენ. რომელ უბანში გაიზარდნენ, რა ფასეულობებზე დაყრდნობით გაიზარდნენ. მე გეუბნებით, ამათი პარპაში დამთავრდება” – განაცხადა ინაშვილმა.
მან კობახიძე და მდინარაძე თავხედებად და “ბიძინა ივანიშვილის სახელით გაბლატავებულ პოლიტიკურ ლაწირაკებად” მოიხსენია.
“მე პირდაპირ ვეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს: აღარ იქნები მალე!”- განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრეზიდენტმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ამის შემდეგ პრეზიდენტსა და დეპუტატებს შორის დებატები დაიწყო. მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, როდესაც დებატებში შესვლის საშუალება არ მისცეს.