პარლამენტში მიმდინარე დებატები საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. “ევროპული საქართველოს” წევრი დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც პრეზიდენტს დებატებზე უარი უთხრა და პარლამენტის დარბაზში უკან დაბრუნების საშუალება არ მისცა, ამიტომ საპარლამენტო უმცირესობა დებატებში მონაწილეობის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს.
„ჩვენი დღევანდელი დებატი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დებატები საპარლამენტო სუბიექტებს შორის, მაგრამ ყველას გვესმის, რომ დღეს არ არის ჩვეულებრივი საპარლამენტო დისკუსია უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში.
დღეს შექმნილია არაორდინალური პოლიტიკური სიტუაცია და შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში, უმრავლესობის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ ფორმატს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა პრეზიდენტი დაბრუნებულიყო და მონაწილეობა მიეღო ამ ფორმატში, საპარლამენტო უმცირესობასაც მიზანშეუწონლად გვეჩვენება დებატებში მონაწილეობის გაგრძელება.
ამიტომ, დებატებში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალინდელი დღიდან ასეთივე პრინციპულები იქნებით რეგლამენტის შესრულებაში, მაშინ როდესაც საკითხი შეეხება მინისტრების მობრძანებას პარლამენტში“, – განაცხადა ბაქრაძემ