ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხობაძე: სამწუხაროდ, მძიმე ზაფხული გველის, ტყის ხანძრის სერია უფრო ხშირი იქნება

ეკოლოგი ნინო ჩხობაძე „მეტრონომთან“ ტყის ხანძრის გაზაფხულიდანვე დაწყებას ეხმაურება. მისი თქმით, სამწუხაროდ, ჯერ წლის ცხელი პერიოდი არ დამდგარა, მაგრამ ხანძრის რამდენიმე კერა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაჩნდა. ჩხობაძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, სიტუაციის ასე ადრე გართულებას არც ეკოლოგები და არც ხელისუფლება არ ელოდა. ჩხობაძე არ გამორიცხავს, რომ შეიძლება წელს უფრო მეტი ტყე დაიწვას, ვიდრე შარშან.

მისი განცხადებით, მიუხედავად გრილი ამინდისა, ხანძრის სეზონი, ფაქტობრივად, დაწყებულია. ამ ტემპით თუ გაგრძელდა, ეკოლოგი ვარაუდობს, რომ საკმაოდ მძიმე ზაფხული გველის.

„სამწუხაროდ აღმოსავლეთ საქართველოში მიუხედავად გრილი ამინდებისა, გაზაფხულის საკმაოდ გვალვიანი სეზონი გვაქვს. ხანძრები რაც დაფიქსირდა საკმაოდ პრობლემურია. ეს არის ადიგენის და ბორჯომის ხეობა, სადაც ტყე ძალიან აალებადია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ხანძრის სეზონი საკმაოდ ადრე დაიწყო და ეს სწორედ, რომ გვალვების შედეგია.

ჩვენი ვარაუდით, თუ შესაბამისი ღონისძიებები სწრაფად არ გატარდა, ხანძრები შარშანდელ წელთან შედარებით უფრო ხშირი იქნება. სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ცეცხლის გაჩენის პირველი მიზეზი ადამიანია. ამიტომ საზოგადოებამაც ხელისუფლებას ხელი თუ არ შეუწყო და ბუნებასთან ფრთხილად არ იყო, სიტუაცია კატასტროფამდე მივა.

ხელისუფლებამ მოსახლეობას როგორც ვიცი, საინფორმაციო ბუკლეტებიც კი დაურიგა და რაღაც სწავლების სახით კურსებიც კი ჩაატარა. ზოგ რეგიონში, სადაც ხანძარი უფრო ხშირია. ვნახეთ, რომ ცეცხლის ჩაქრობაში ადიგენის მოსახლეობაც აქტიურად მონაწილეობდა.

რამდენადაც ვიცი საგანგებო სიტუაციების სამსახურშიც ემზადებიან და თანამშრომლებს როგორც ხელფასები გაუზარდეს, ასევე აღჭურვილობაც განუახლეს, თუმცა მგონია, რომ ხანძრის სეზონის ასე ადრე დაწყებას ისინიც არ ელოდნენ“,-განაცხადა ჩხობაძემ მეტრონომთან.

იტვირთბა....