დღეს „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობისა და შემადგენლობის ცვლილებას გეგმავს. ცვლილებების შესახებ მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო რაც პარტიის თავმჯდომარედ ბიზინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი. პოლიტსაბჭოზე პარტიის ყრილობის მომზადებასთან დაკავშირებითაც იმჯელებენ, რომელიც 11 მაისს უნდა ჩატარდეს.
მმართველი გუნდის ლიდერები დეტალებს არ ახმაურებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახალ პოლიტსაბჭოს „ქართული ოცნება“ ყრილობაზე, ახალ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად დაამტკიცებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ პარტიის ლიდერებს შორის იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტიდან.
„პოლიტსაბჭოზე შევეხებით მრავალ საკითხს. მათ შორის ყრილობასთან დაკავშირებით და მის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე საუბარი იქნება ახალი პოლიტ საბჭოს შემადგენლობაზე, რომელიც მოქმედმა პოლიტსაბჭომ უნდა წარუდგინოს ყრილობას და ყრილობამ უნდა აირჩიოს შემდეგ ახალი შემადგენლობა. დღევანდელმა პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს მათ შორის ის საკითხი, რამდენ კაციანი შემადგენლობით იქნება, შემცირდება რაოდენობა და ეს იქნება უფრო ოპტიმალური და ეფექტიანი მუშაობაში, თუ დარჩება იგივე შემადგენლობა ან გაზრდილი შემადგენლობა, არ ვიცი რაზე ჩამოვყალიბდებით საბოლოო ჯამში.“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.