„თუ შევძლებთ, დავამტკიცებთ სიმართლეს და თემირლანის უდანაშაულობას“, – განაცახდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.
მისი განცხადებით, შეთხვევის ადგილიდან ამოღებული ყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილს არ ეკუთვნოდა.
„მე პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ თემირლანმა ყუმბარა რა იყო არც კი იცოდა. მას მხოლოდ ტელევიზორში თუ ჰქონდა ნანახი ყუმბარა. ეს სპეციალურად ჩაუდეს საკუთარი თავის გასამართლებლად. თუ შევძლებთ, დავამტკიცებთ სიმართლეს და თემირლანის უდანაშაულობას“, – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.
ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე დასტურდება, რომ თითის კვალი არ ფიქსირდება და არგუმენტი, რომ თემირლანს ხელყუმბარა ეჭირა, ქარწყლდება.
„ჩვენ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის პასუხები მივიღეთ. ეს გულისხმობს თითის ანაბეჭდებს. ექსპერტიზას მივმართეთ კითხვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ცილინდრული ფორმის საგანზე, იგივე ხელყუმბარაზე აღინიშნება თუ არა თითის კვალი და ვარგისია თუ არა პიროვნების იდენტიფიცირებისთვის. დასკვნა ასეთია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელყუმბარისმაგვარ კორპუსზე გამოისახა ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად ხილული კვალი, ფრაგმენტების და ნაწყვეტების სახით, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირებისთვის უვარგისია.
ანუ არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა, არ დასტურდება. ცხადია დეენემის კვალი დაფიქსირებულია, თუმცა თითის კვალი არ დასტურდება. შესაბამისად, ხელში ჭერასთან და სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არგუმენტი გაქარწყლებულია“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.