თბილისის მერიის ორგანიზებით, ხვალ, ლისის ტბაზე, სპორტული ფესტივალი „თბი – ლისი“ გაიხსნება. მერიის ინფორმაციით, ფესტივალი სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას. სპორტული ნაწილის გარდა, ფესტივალი სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებსაც მოიცავს.
ფესტივალის პირველ დღესვე გაიმართება ტურნირები სპორტის 13 სახეობაში. მათ შორისაა კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი.
საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში, რომელზეც ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის გუნდი და საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ შეხვდება, ასევე, გაიმართება გარბენი, რომელშიც მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ღონისძიება პოპულარული ქართული ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ კონცერტით დაიხურება.
სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს და პარასპორტსმენებს, ასევე, მოყვარულებს. ფესტივალი ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.