2018 წლის 26 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქრთამის მიცემის ფაქტზე, ფოთში მცხოვრები პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ტ.-მ 2018 წლის 21-24 აპრილს ქალაქ ფოთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების თანამშრომელს შპს „სანო“-ს კუთვნილი ლითონის მიმღებ პუნქტში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა შესთავაზა.
2018 წლის 26 აპრილს, თანხის გადაცემის შემდეგ, აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.