მან თავიდანვე განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა თუ დიდი უბედურება მოხდებოდა და როგორც ჩანს, ეს უბედურება მოხდა. მისი დაბრუნება “ოცნების” კრახის დადასტურებას ნიშნავს, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას.
“ხომ გახსოვთ ფილმი “ბასიაჩუკი?” იქ არის გინდ შემოიტანეთ და გინდ გაიტანეთ თქვენი რუმბივით გაკოტრებული ფალავანიო. გინდ შევიდეს ივანიშვილი და გინდ გამოვიდეს “ქართული ოცნებიდან”, პარტია გაკოტრებულია. რაც შეეხება ივანიშვილის დაბრუნებას, ეს არასწორი ტერმინია. ივანიშვილი არსად წასულა ის კომფორტულ ზონაში იყო და ახლა იძულებულია, რომ იქიდან გამოვიდეს. ივანიშვილი ჩრდილიდან გამოდის და ნახევრად არაფორმალურ მმართველობაში გადადის.
პარტიის ხელმძღვანელობა არ ნიშნავს, რომ ის მთავრობასა და პარლამენტს მართავდეს. ივანიშვილის გამოსვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა ძალიან დიდ კრიზისშია. მან თავიდანვე განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა თუ დიდი უბედურება მოხდებოდა და როგორც ჩანს, ეს უბედურება მოხდა. მისი დაბრუნება “ოცნების” კრახის დადასტურებას ნიშნავს”, – განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.