პოლიტოლოგი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარედ წარდგენას ეხმაურება. მისი თქმით, მან ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მისი აზრით, რაც ივანიშვილმა, პოლიტიკიდან დისტანცირება მოახდინა სიტუაცია უმართავი გახდა. შესაბამისად, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რათა ქვეყანაში ინსტიტუციონალურად მდგომარეობა დაალაგოს.
ანალიტიკოსის აზრით, მან პოლიტიკაში დაბრუნების ეს ფორმა არჩია, რაც საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა. ხუხაშვილის თქმით, მან დაინახა საშიშროება, რომ შესაძლოა “ოცნება” დაშლილიყო, თუმცა მას ეს იმდენად არ ადარდებდა, რამდენადაც მიხვდა, რომ სახელმწიფოს საშიშროება ემუქრებოდა. ქვეყანას ესენი საფრთხეს როგორც შიგნით, ასევე გარეთ უქმნიდნენ.
“პარტიას კისერიც უტეხია, არ მგონია ივანიშვილი ამის გამო დაბრუნებულიყო. საქმე იმაშია, რომ ის მიხვდა, პარტიული კრიზისი სახელმწიფოებრივში გადადიოდა. პარტიები ნაკლებად გვაინტერესებს, რადგანაც სახელმწიფოს მმართველობას ექმნებოდა საფრთხე. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ივანიშვილის პოლიტიკაში რეინტეგრაცია აუცილებელი იყო. ამაზე თქვენთან და სხვა მედია საშუალებებთანაც არა ერთხელ მისაუბრია. მე მას პირდაპირ მოვუწოდებდი, რომ უკან დაბრუნებულიყო.
არ მგონია, რომ მან საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი წარადგინოს. არც მგონია, რომ პრემიერად დაბრუნდეს. უბრალოდ მისი პოლიტიკაში ღიად ჩართვა აუცილებელი გახდა და მან ეს გამოწვევა მიიღო. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე სხვა გადაწყვეტილებები მიიღოს. ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენა, რომ ის ფორმალურადაც აღარ ერეოდა პოლიტიკაში და პარტიის მმართველობაში. დავინახეთ, რომ მან დისტანცია სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ფაქტია, რომ ის მართავდა თუ არ მართავდა ქვეყანას, საზოგადოებას მაინც ის განცდა ჰქონდა, რომ ის იყო ყველაფერზე პასუხისმგებელი. ამიტომ ხშირად მას არასამართლიანადაც ადანაშაულებდნენ”,- განაცხადა ხუხაშვილმა “მეტრონომთან”.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და მის ადგილს ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.