ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელისაშვილი: “კალაძე მიედ-მოედება რაღაცებს და სერიოზულს არაფერს აკეთებს”

მთავარ საკითხებს ვერაფერს უხერხებს და რაღაც “ფინტიკლუშკებით” ცდილობს დაგვანახოს, ვითომ რაღაცას აკეთებს, – ასე აფასებს კახა კალაძის მერობის პერიოდს “მეტრონომთან” საუბრისას თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.

“მე რასაც ვუყურებ კალაძე სერიოზულს არაფერს აკეთებს და ახალ-ახალ ინიციატივით მიედ-მოედება რაღაცებს. მთავარ საკითხებს ვერაფერს უხერხებს და რაღაც “ფინტიკლუშკებით” ცდილობს დაგვანახოს, ვითომ რაღაცას აკეთებს და სინამდვილეში არაფერს აკეთებს. ქაოტური მშენებლობის, გამწვანების, ტრანსპორტის პრობლემები არ მოგვარებულა. ერთი “სითი პარკი” გაუშვა და იმის იქით არაფერი გაკეთებულა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ავტოფარეხების დემონტაჟს შესახებ თბილისის მერის ახალ ინიციატივასაც გამოეხმაურა.

“თავისთავად იდეა კარგია, მაგრამ არ მგონია ეს იდეა განხორციელდეს. ხალხს ამაში ფული აქვს გადახდილი და დარეგისტრირებული აქვთ და ეს ყოველივე ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია”, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით,  ქალაქში არსებული ავტოფარეხები  შეიზლება აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს. ინიციატივა  კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და თბილისის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ.

“მინდა გთხოვოთ და დავიწყოთ მუშაობა. ყველა რაიონში და უბნებში არსებობს ავტოფარეხები, რომლებზეც მგონია, რომ საინტერესოა პროექტების განხორციელება. მინდა გთხოვოთ, რომ დაიწყოთ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები და სპორტული მოედნები. ყველა ხარჯს თავის თავზე თბილისის მერია აიღებს. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. სერიოზული პრობლემები გვაქვს და მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. მე მგონია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, რადგან ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე”, – განაცხადა კალაძემ.

 

იტვირთბა....