ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელზე ფიქრობდეს და მას სავარაუდო კანდიდატები შერჩეულიც ჰყავდეს. ანალიტიკოსის აზრით, ესენი შეიძლება მაია ცქიტიშვილი და მამუკა ბახტაძე იყვნენ. მისი აზრით, გუნდში დაპირისპირების მიზეზიც ეს შეიძლება გამხდარიყო.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ბითაშვილიც და ბახტაძეც კვირიკაშვილს ნამდვილად სჯობიან, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის სათავეში უფრო ძლიერი პოლიტიკოსია საჭირო, რომელიც სისტემურ ცვლილებებს განოხორციელებს.
ხუხაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ კვირიკაშვილს ეს ინფორმაცია უკვე ჰქონდეს და თანამდებობის შესანარჩუნებლად გარკვეული სახის ლავირება დაიწყო. ანალიტიკოსი ამის ნათელ მაგალითად დავით ჭიჭინაძის ბოლო დროინდელ განცხადებებს ასახელებს და ფიქრობს, რომ დეპუტატი, სწორედ, რომ პრემიერის აზრებს ახმოვანებს. ხუხაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ჭიჭინაძე მასთან შეთანხმების შედეგად მოქმედებს.
„ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილის შემცვლელზეც და პრეზიდენტის კანდიდატზეც ფიქრობს. გამორიცხული არაფერი არ არის, რომ მის კანდიდატებს შორის მაია ცქიტიშვილი და მამუკა ბახტაძე განიხილებოდნენ. ნამდვილად ორივე მათგანი კვირიკაშვილს სჯობია, თუმცა ფაქტია, რომ პრემიერს თანამდებობიდან წასვლა არ სურს. სწორედ ეს არის გუნდში არსებული დაპირისპირების მიზეზიც.
კვირიკაშვილი გარკვეულ პირებთან ანგარიშვალდებულია და ის ასე ადვილად, რა თქმა უნდა, რომ ვერ წავა. არ დავაკონკრეტებ ვისთან რაზეა ვალდებული, უბრალოდ ზუსტად ვიცი, რომ ასეა. დავით ჭიჭინაძის ბოლო დროინდელი ქმედებებიც და განცხადებებიც ამაზე მიუთითებს. არ გამოვრიცხავ, რომ გუნდში სიტუაციას, სწორედ, პრემიერი რევდეს.
ჭიჭინაძე მასთან შეთანხმების გარეშე არაფერს იტყვის. თუმცა არც ცქიტიშვილს და არც ბახტაძეს იმ კანდიდატურებად ვერ აღვიქვამ, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია შეცვალონ. ისინი არ არიან იმ დონის პოლიტიკოსები, რომ რაღაც სისტემური ცვლილებები განახორციელონ. თუმცა გმორიცხვით, მაინც არაფერს გამოვრიცხავ“,-აცხადებს „მეტრონომთან“ ხუხაშვილი.