ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე: გამოძიებამ ყველაფერი შეცვალა და ეს ექსპერტიზის დასკვნა მოწმეების ჩვენებებს მოარგო

ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ვერ დადგინდა, მის შვილს რა იარაღით მიაყენეს ჭრილობა. მან ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პროცესი მიმდინარეობს.

დღეს ბრალდების მხარემ სასამართლოში კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლითაც, როგორც სარალიძე განმარტავს, ვერ დადგინდა, თუ რომელი დანით და ვის მიერ მოხდა ჭრილობების მიყენება.

“დასკვნაში ნათლად ჩანს, რომ ის მომაკვდინებელი, არტერიული ჭრილობა ამ ორი დანით არაა მიყენებული. შესაბამისად, ვისგან იყო მიყენებული ჭრილობა, ამის დადგენაც შეუძლებელია. თუ არ არსებობს იარაღი, რა იარაღით მიაყენეს ჭრილობა, შესაბამისად დამნაშავეც გამოვლენილი არ არის”, – განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

მას ამ საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულის ბრალეულობაში ეჭვი არ ეპარება, თუმცა აღნიშნავს, რომ გამოძიების დროს სხვა იარაღიც გამოიკვეთა, თუმცა მისი თმით, ყველაფერი შეცვალეს და ექსპერტიზის დასკვნა კი მოწმეთა ჩვენებებს მოარგეს:

“ეს ორი ბრალდებული, რომელიც ბრალდებულის სკამზე ზის, ნამდვილად დამნაშავეა, ნამდვილად მიესჯებათ საკადრისი სასჯელი, მაგრამ მე უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ კიდევ შესაძლებელია სხვა იარაღიც იყო გამოყენებული. დანები აქვთ, ჩემი შვილის სხეული ჰქონდათ, ტანსაცმელიც აქვთ და ვერ დაადგინეს ამ ორი დანიდან რომელიმე გამოყენებული იყო თუ არა. ეს ხომ აბსურდია?! მაშინ რაღა ექსპერტია? ჩემი აზრით,სხვა იარაღიც გამოიკვეთა, მაგრამ გამოძიებამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა და ეს ექსპერტიზის დასკვნა მოარგო მოწმეების ჩვენებებს. ჩემი შვილის მომაკვდინებელ ჭრილობაზე არცერთი დანა არ არის მითითებული. არც ეს ორი დანაა მითითებული და არც სხვა იარაღია მითითებული. მომავალ სხდომაზე დაიკითხებიან ექსპერტები, რომლებმაც ეს შედეგები გამოიკვლიეს და ვნახოთ,რა კითხვებს გასცემენ პასუხს”, – აცხადებს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.

მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....