„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ხვალ გაიმართება.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია მხოლოდ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მისვლით შემოიფარგლება, ხვალ კი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან ხელისუფლების მშვიდ გადაბარებაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
„ხვალ, 19:00 საათზე მიტინგი გაიმართება, სადაც მე მოგახსენებთ, თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით და როგორი ქმედებებით უნდა გავაფორმოთ დე იურე მიღწეული სახალხო გამარჯვება“, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.