“ნუ მოკლავ – აღასრულე სამართალი”, – ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციებისთვის ემზადება.
დღეს, 24 აპრილს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასმართლოს ეზოში აღნიშნული საქმის პროცესის პარალელურად, აქცია გაიმართება.
ზაზა სარალიძე არასწორი მიმართულებით მიმდინარე გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას და ეჭვობს, რომ პროკურატურა რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.
„ისევ და ისევ საზოგადოება ფეხზე დადგება, რომ როგორმე სამართალი აღევლინოს. წინააღმდეგი ვარ გამოძიების, რომელიც არაკომპეტენტურად იყო ჩატარებული, ძალიან საჩქაროდ იყო და არ გამოიკვეთა ის დეტალები, რაც უნდა გამოკვეთილიყო,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 4 დეკემბერს კი პოლიციამ კიდევ სამი პირი დააკავა.
მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.