ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნის შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაქცინაციის სავალდებულოდ დანერგვასთან დაკავშირებით ინიციატივა მომზადდება.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე დადგა, თუმცა ვერ მოხდა მისი ორგანიზება.
“დღეს არსებობს პარლამენტის პოლიტიკური ნება და მომზადდება ეს ინიციატივა, ვინაიდან მრავალმა ქვეყანამ მთელ რიგ ვაქცინებზე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია, მათ შორის მაგალითად, ექიმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.
იმუნიზაცია არის ყველაზე უფრო ეფექტური საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც მედიცინაში მეცნიერებას მოუგონია. მან გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და იცავს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას. იმუნიზაციის მეშვეობით აღმოიფხვრა მრავალი დაავადება, მათ შორის ყვავილი. დღესაც მიმდინარეობს დაავადებების აღმოფხვრა. ახლა რიგში დგას წითელა, რომელიც ასევე უნდა აღმოიფხვრას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც იმუნიზაციის კალენდრით შემოდის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ვაქცინებია.
“ვაქცინა და ვაქცინაცია არის უფასო. მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები, ახლა გვიტევს წითელა და ვთხოვ ყველას, გაიკეთონ აცრები თავად და გაუკეთონ შვილებს”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება წითელას, მისი ინფორმაციით, წითელას ზრდის ტემპმა მოიკლო.
გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.