ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი: “საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთის პოლიტიკასთან გამკლავებაა”

საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან და მეზობლებთან მის ურთიერთობასთან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა დისკუსიისას, რომელიც დღეს ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის შეკრების ფარგლებში გაიმართა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ორი თარიღი – 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც რუსეთის ფედერაციის ოფიციალურმა პირებმა მათი პრივილეგირებული შეხედულებები და მათი ინტერესები წარმოადგინეს და მეორე თარიღი – რუსეთში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მოვისმინეთ ახალი საგარეო პოლიტიკა, რომლითაც დაანონსდა ახალი, ცივი ომის კონცეფცია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა რუსეთი და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან გამკლავებაა, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ, პროპაგანდისტულ და საინფორმაციო ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

,,ეს არის სამომავლო გამოწვევა ჩვენთვის, რომელიც მიმართული არ არის მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის წინაარმდეგ, იგი ზოგადად სამომავლო გამოწვევაა, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჰიბრიდული ომების წიინააღმდეგ.

უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველო პროპაგანდული ომის წინაშეა და ამ პროცესის საშუალებით ცდილობს განხეთქილება შეიტანოს საზოგადოებაში, სოციალური მედიისა და სხვა მედია ფორმატის გამოყენებით.

რუსეთი ამ პროპაგანდისტული ომის წარმოებისას ირჩევს ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ახდენს საზოგადოებისა და გარემოს რადიკალიზაციას.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევას ვერ დავუთმობთ ჩვენს დემოკრატიას და ჩვენ ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა ვქმნიდეთ ჩვენ ერთობლივ გზავნილებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, მარგველაშვილი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ რუსეთის პრეზიდენტი არ საუბრობდა ღიად საკუთარი ინტერესების გამოხატვაზე მის სამეზობლოში, მაგრამ ამის შემდეგ, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში წარმოადგინა ხედვა სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არის “ცივი ომის” ახალი კონცეფცია.

იტვირთბა....