ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლევან დადუნაშვილის დედა: ხორავას ტრაგედია პოლიტიკური შოუს სახეს იღებს

„კომენტარებიდან გამომდინარე, ხორავას ტრაგედია შოუს სახეს იღებს, მითუმეტეს, პოლიტიკური შოუს სახეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის“ – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირების შედეგად მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ.

მისი თქმით, ეს ტრაგედია არ შეიძლება პოლიტიკაში გადაიზარდოს.

„როცა ოჯახი კომენტარს არ აკეთებს, ყველას ვთხოვ ლევანის სახელით ნურავინ ლაპარაკობს. რადგან კომენტარს არ ვაკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, ჩვენ არ გვაქვს დადებითი, ან უარყოფითი შეხედულება. ლევანი ხორავას კონფლიქტში მსხვერპლია, რომელსაც ამ კონფლიქტთან არაფერი შეხება ჰქონია. ის მართლა მსხვერპლია და ეს ჩვენთვისაც დიდი ტრაგედიაა. კომენტარებიდან გამომდინარე, ხორავას ტრაგედია შოუს სახეს იღებს, მითუმეტეს, პოლიტიკური შოუს სახეს. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილის ამ შოუში მონაწილეობის.

კუპრავას, სუბელიანის, კაკუბავას ჩართვა, მათი კომენტარები ჩემთვის მიუღებელია. ეს იყო ისეთი ტრაგედია, რომელიც არ შეიძლება, პოლიტიკაში გადაზარდო. ახლა მთავარია ბავშვები დავიცვათ, რომ ეს ტრაგედია აღარ გაგრძელდეს“, – ამბობს ნათია საყვარელიძე.

დადუნაშვილის დედა ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმება და ამბობს, რომ ის დაკევებულების ბრალეულობაში დარწმუნებულია.

„მე თვითონ მედიკი ვარ, ვიცი ჩემს შვილს რამდენი, რა სახის ჭრილობა ჰქონდა. ექსპერტიზაში რაც წერია, ვეთანხმები. ამასთან მიმართებაში ეჭვები ნამდვილად არ მაქვს. ლევანის გარდაცვალება რამ გამოიწვია ვიცი, მისი გადარჩენაც რომ შეუძლებელი იყო, ისეთი ჭრილობა ჰქონდა, ესეც ვიცი.

ჩემთვის მთავარი იყო იმის დადგენა, განსასჯელ სკამზე მსხდომნი არიან თუ არა ნამდვილად დამნაშავენი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ დონის ტრაგედიაა და იმ დონის სადიზიმია ჩადენილი, საშინელებაა ვინმე სხვას დააბრალო. ეს ჩემთვის იქნება დიდი ცოდვა. პროცესი დამთავრებული არ არის და რაც მომისმენია, იქიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი დამნაშავენი არიან. არიან სხვებიც? არ მაქვს პრეტენზია, რომ ისინი დასაჯონ. თუ ვინმეა დამნაშავე, არ შეიძლება ის არ დაისაჯოს, უბრალოდ არ შეიძლება! იქ საშინელებაა მომხდარი და მათ შორის, როცა სრულიად უდანაშაულო მსხვერპლია, ეს კიდევ მეტად მძიმეა ჩემთვის“, – აცხადებს ნათია საყვარელიძე.

იტვირთბა....