ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სიმამრთან ერთად ზეგავლენას ახდენს გამოძიებაზე. მისი თქმით, ისინი ცდილობენ, რომ მათი ოჯახის წევრის დანაშაული არ გამოიკვეთოს.
“უკვე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მირზა სუბელიანი ასევე ბორის კაკუბავა ახდენს გამოძიებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას. მოწმე დღეს უნდა იყოს დაკავებული სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურიდან და ძალოვანი უწყებებიდან რეაგირებას ვერ ვხედავ. ასევე ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის შვილი ამ ინციდენტის დამწყები პირია. ანუ ორგანიზატორები არიან სუბელიანის შვილი და მისი ცოლის დის შვილი და მათ აფარებს ხელს გამოძიება”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამსახველი კადრებს მირზა სუბელიანი ინახავს, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო. სწორედ ამ ფაქტზე ის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი – დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს. დაკავებულია 2 მოზარდი, რომლებიც მკვლელობაში არიან ბრალდებული.