პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტში ელოდებიან. დეპუტატებს ვახტანგ გომელაური სესიაზე გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრებს, ასევე კანონმდებლების შეკითხვებსაც უპასუხებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ აინტერესებს, რას უპირისპირებს სუს-ი რუსულ პროპაგანდას.
„ქვეყანაში საგრძნობლად გაძლიერდა რუსეთის სპეცსამსახურების გავლენა მათ შორის რბილი ძალის გამოყენების გზით… ჩემთვის საინტერესოა სუს-ის ხელმძღვანელმა აგვიხსნას, როგორ მოხერხდა ეს და რა არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ამას უპირისპირდება“- აცხადებს სალომე სამადაშვილი.
“ევროპული საქართველო“ კი ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულებზე გაამახვილებს ყურადღებას. ასევე კითხვა შეეხება თუ რა ეტაპზეა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენაც.
ოპოზიციისგან განსხვავებით, სუს-ის მუშაობით საპარლამენტო უმრავლესობა კმაყოფილია.
„ანგარიში არის მაღალი ხარისხით შესრულებული, მასში დასახელებულია ის საფრთხეები და გამოწვევები რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინებები, მათ საპასუხოდ უსაფრთხოების სამსახურმა განსაზღვრა ოპერატიული და ინსტიტუციური პრიორიტეტები“ – აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია.