ბათუმის მე-14 საჯარო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა ბაღში სამართალდამცველები გამოიძახა. აღსაზრდელის დედის, ინგა დავითაძის განცხადებით, მის შვილს სამედიცინო ანალიზი წესების დარღვევით ჩაუტარდა.
ინგა დავითაძე ამბობს, რომ მისმა შვილმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო და მკურნალობას სპეციალისტებთან აგრძელებს. ინგა დავითაძე ბათუმის ბაღების გაერთიანებას ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.
“ძალადობას ჰქონდა ადგილი, რადგან ნებართვის გარეშე მოხდა აცრა. სწორედ ამიტომ შევატყობინე სამართალდამცავებს. ბავშვთან ფსიქოლოგი და თერაპევტი მუშაობს. კანონიერი წარმომადგენელი არ ვიყავი ინფორმირებული, რა ფორმით და რა ვითარებაში უნდა ყოფილიყო აცრა ჩატარებული. ამავდროულად, ჰიგიენა არ იყო დაცული. ჩემს შვილს ფსიქოლოგიურად აცრისთვის წინასწარ ვამზადებ“, – განაცხადა მშობელმა და აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ სახალხო დამცველსაც აცნობა.
მშობელს გამოეხმაურა ბათუმის მე-14 საჯარო ბაღის დირექტორი მაია ხუხუნაიშვილი. ის განმარტავს, რომ მშობელს პრეტენზია პოლიკლინიკის მედდასთან აქვს. მისივე თქმით, ბავშვის მიმართ ძალადობით აცრა არ ჩატარებულა.
“როგორც ჩვენ ვიცით, მშობელს ჩვენს წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ გააჩნია. მას პრეტენზია იმ მედდასთან აქვს, რომელიც პოლიკლინიკიდან იყო მოსული. მედდამ მშობელს აუხსნა, რომ ეს აცრა არ ითვალისწინებს სტერილურობას და ამიტომ ტარდება საბავშვო ბაღში”, – აცხადებს მაია ხუხუნაიშვილი.
ბათუმის მე-14 საჯარო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.