ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გადამოწმების მიზნით რამდენიმე ადამიანი მართლაც იყო გაჩერებული”: გახარია Rotting Christ-იზე

შს მინისტრმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ბერძნულ როკჯგუფ Rotting Christ-ისთვის შეყოვნების ფაქტზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გადამოწმების მიზნით რამდენიმე ადამიანი მართლაც იყო გაჩერებული, მაგრამ ეს არის მესაზღვრის და შესაბამისი ორგანოების ლეგიტიმური უფლება:

“საშიში ადამიანების სიაში არ ვიცი იყვნენ თუ არა. რომ დადასტურებულიყო, რომ ეს ადამიანები შეიცავენ საფრთხეს ქვეყნისთვის, მაშინ მათ არ შემოუშვებდნენ. დადასტურდა, რომ არ შეიცავენ საფრთხეს და როგორც ვიცი, მათ მშვიდად და წყნარად ჩაატარეს კონცერტი”,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბერძნული მუსიკალური ჯგუფის Rotting Christ-ის წევრები 12 საათის განმავლობაში შეაყოვნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიზეზი პირადი მონაცემების გადამოწმება იყო. მუსიკალური ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მუსიკოსები დაკავების შესახებ საუბრობდნენ და ამის მიზეზად ჯგუფის სახელს ასახელებდნენ. დაკავებულების ადვოკატის თქმით, თბილისში კონცერტის გასამართად ჩამოსული მუსიკოსები არასასურველი პირების სიაში იყვნენ.

ჯგუფის წევრებმა აეროპორტი 12 საათის შემდეგ დატოვეს. სამართალდამცველებს განმარტება იმ ადგილობრივმა კომპანიის წარმომადგენლებმაც მისცეს, რომლის მოწვევითაც ჯგუფი თბილისში ჩამოვიდა.

იტვირთბა....