ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა მიესაჯა

“მეტრონომი” სასამართლოდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე მასთან ერთად დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, რომელსაც ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ედება. პროკურატურის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, სრულად დააკმაყოფილა.

პროკურატურის არგუმენტებით, მათი დაპატიმრებისთვის არის საკმარისი მტკიცებულებები, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მან იცოდა, რაც ჩაიდინა ვეფხია ბაქრაძემ და სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავს. პროკურატურის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ მიიმალოს ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე და ასევე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. თეიმურაზ ბაქრაძეს რაც შეეხება, ბრალდების მხარის თქმით, ის თავს დამნაშავედ ცნობს მთლიანად, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს ჩვენება. პროკურატურის თქმით, მან დაკავებამდე წაშალა მოკლეტექსტური შეტყობინებები რაც ადასტურებდა ვეფხია ბაქრაძის დანაშაულს.

”ისინი არიან ბიძაშვილ მამიდაშვილები. არსებიბს საფრთძე რომ მან ზემოქმედება განახორციელოს მოწმეებზე და გაანადგუროს მტკიცებულებები. ასევე არსებობს მიმალვის საფრთხეც”- აღნიშნა პროცესზე პროკურორმა.

ვეფხია ბაქრაძის ადვოკატის თქმით, ის შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, არამედ დაიბნა. მან შუამდგომლობა დააყენა რომ ბაქრაძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 20 000 ლარის ოდენობით. თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა ასევე დააყენა შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების 3000 ლარიანი გირაოთი შეცვლაზე. მისი თქმით, თეიმურაზ ბაქრაძემ თავიდანვე აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....