შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს აინტერესებს, თუ რატომ მიიღო შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით მის გათავისუფლებამდე 8 თვით ადრე დაადებითი, ხოლო 6 თვით ადრე ე.წ. უდოს კომისიამ – უარყოფითი დახასიათება.
როგორც ქორიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. უდოს კომისიასთან შეწყალების კომისიას კომუნიკაცია და კონტაქტი არ აქვს.
„ჩვენ უდოს კომისიების მუშაობასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების დახასიათებას გვიგზავნის. თუ მოვიდა უარყოფითი დახასიათება, ამას პირდაპირ წერს სასჯელაღსრულების დაწესებულება და ასეთი მსჯავრდებულის საქმე საერთოდ არ გადის კომისიაზე. როდესაც პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს და მას საპატიმროდ მოსახდელად დარჩა 7 თვე, მას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოველ თვე მიემართა ე.წ. უდოს კომისიისთვის.
ვეფხია ბაქრაძემ 6-ჯერ მიიღო უარი ე.წ. უდოს კომისიისგან. როგორც საჯაროდ მოვისმინეთ სამინისტროს წარმომადგენლისგან, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას. მაშინ ჩვენც გვიჩნდება კითხვა, თუ უარყოფითად ხასიათდება ეს მსჯავრდებული ბოლო 6 თვის განმავლობაში, 8 თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა დადებითად და რატომ მოგვივიდა ჩვენ ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს განგებ გააკეთეს?“, – განაცხადა ქორიძემ.