ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩუგოშვილი: “პრეზიდენტი ახლა თუ შეწყვეტს ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას,ამით კონკრეტულ მსხვერპლის სიცოცხლეს ვერ დააბრუნებს”

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ახლა თუ შეწყვეტს ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემას, ეს კონკრეტულ ადამიანს და კონკრეტულ მსხვერპლს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს.

თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტს შეწყალების სტატისტიკა დაუწუნა და აღნიშნა, რომ მას არ ეგულება არც ერთი ქვეყანა, რომელიც ახლოს მივა ამ სტატისტიკასთან, თუმცა ვიცე სპიკერს ჟურნალისტებთან საუბრისას კონკრეტული სტატისტიკა არ დაუსახელებია.

“აქ არის ორი კითხვა. ერთი – შეეხება შეწყალებების პრაქტიკას და ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების ისეთი სტატისტიკა არსებობს, რომ მე არ მეგულება რომელიმე სხვა ქვეყანა, რომელიც ახლოს მაინც მოვა ამ სტატისტიკასთან. ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია და შედეგი ვნახეთ – ჩვენ ვნახეთ შეწყალებული ადამიანი, რომელმაც უსასტიკესი მკვლელობა ჩაიდინა და უმძიმესი ფაქტი დაფიქსირდა ჩვენს ქალაქში. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეს, არ ვიცი დეტალები როგორ წარიმართა, მაგრამ ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად რომ უნდა იყოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ბუნებრივია, ამაზე დავა არ შეიძლება. ახლა თუ შეწყვეტს და შეაჩერებს ეს კონკრეტულ მსხვერპლს და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც ფიგურირებს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირი, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი დღეს გამართა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე. პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას დროებით წყვეტს.

იტვირთბა....