საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ე.წ. უდოს კომისიიდან, რომ ვეფხია ბაქრაძეს ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე უარი ექვსჯერ ეთქვა. მისი თქმით, ბაქრაძეს უარი მას შემდეგ უთხრა უდოს კომისიამ, რაც მას უკვე პრეზიდენტმა სასჯელი გაუნახევრა.
“ჩვენ ვერ გვექნებოდა ეს ინფორმაცია ე.წ.უდო-დან, რადგან ეს უარი იქნა ნათქვამი მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ დაკავებულმა თხოვნა შეიტანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეიწყალა. ჩვენ მოგვაწოდეს უაღრესად დადებითი დახასიათებებები. თუ ე.წ.უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ?
რატომ გვქონდა დადებითი დასკვნა ჩვენ და უარყოფითი ე.წ.უდო-ს? ჩვენ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ, ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის დასკვნას და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.
მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ვეფხვია ბაქრაძემ საპყრობილე 2017 წლის მაისში დატოვა. ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. თუმცა მანამდე ე.წ. უდოს კომისიამ მას შეწყალებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.