ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მათიკაშვილი: “დოლიძეს ვურჩევდი, რომელიც დიდი ხანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ყურადღება გაამახვილოს იმ ადამიანებზე, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ანა დოლიძეს ურჩევდა, რომელიც დიდი ხანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ყურადღება გაამახვილოს იმ ადამიანებზე, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს.  შეგახსენებთ, დოლიძე  მიიჩნევს, რომ  დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

„პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია მოძალადე, რომელმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ქალბატონმა ანამ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს, ვიდრე კონსტიტუციით დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და ვინმეს შეიწყალებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილის მტკიცებით, ანა დოლიძე ცდილობს საკითხი გაურკვეველ სივრცეში გადაიტანოს.

„ვანო ზარდიაშვილის მეუღლე 8 წელია იქ მუშაობს. მან მუშაობა პირველი საფეხურიდან დაიწყო. რას უსვამდა ხაზს ანა დოლიძე ვერ გეტყვით, რადგან 8 წლის წინანდელი ამბავია, რაც ქალბატონმა მუშაობა დაიწყო. ვანო ზარდიაშვილი თუ ელექტორატმა პარლამენტში აირჩია, რა უნდა ექნა მეუღლეს? ეს არის კიდევ ერთი მცდელობაა საკითხი გაურკვეველ სივრცეში გადაიტანონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

“ჩემთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი თინათინ აბრალავა არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, ამავე დროს ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ნათესავი. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს იმიტომ, რომ მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტში გროვდება მთელი ინფორმაცია საბჭოს წევრები როგორ აფასებენ მოსამართლეებს.

მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტი არის დეპარტამენტი, სადაც გროვდება ყველანაირი ინფორმაცია, როგორიც არის მოსამართლეთა გადაწყვეტილებები, მათი ქულები, ჩვენ, საბჭოს წევრები რას ვფიქრობთ მოსამართლეებზე, რას ამბობენ მოსამართლეები გასაუბრებაზე, სად აქვთ სესხი, ყველა ეს ინფორმაცია გროვდება კონკრეტულად აი ამ თანამდებობის პირის ხელში და მუშავდება. გარდა ამისა, მის ხელშია ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ ვაყრდნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ამ დეპარტამენტის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საბჭოს წევრები იღებენ გადაწყვეტილებას დანიშნონ თუ არა მოსამართლე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დეპარტამენტის უფროსი არის “ქართული ოცნების” ორი ლიდერის მაღალი თანამდებობის პირის ახლო ნათესავი და ოჯახის წევრი, წარმოშობს საშიშროებას, რომ ეს პროცესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა, მოხდეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ამ პროცესს მეტი ჩრდილი არ სჭირდება“, – განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....