მმართველი გუნდის წევრი სოფო კილაძე პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის დადგომის საკითხს ეხმაურება. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.
სოფო კილაძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე ან მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე დავით ჭიჭინაძეს არ დაუნიშნავს, შესაბამისად ვერ გადაწყვეტს მათ გადაყენებას.
„ბატონ ჭიჭინაძეს არ გადაუწყვეტია არც ბატონი ირაკლის და არც ბატონი მამუკას იმ ადგილზე ყოფნა, სადაც ისინი არიან და შესაბამისად, ვერც ბატონი ჭიჭინაძე ვერ გადაწყვეტს მათ გადაყენებას ამ ადგილიდან,“ – განაცხადა კილაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში ე.წ. ურჩი დეპუტატების დასჯის მექანიზმებზე ამ დრომდე მსჯელობენ. პარტიული დისციპლინის დამყარების ახალი წესები, ირაკლი კობახიძემ გუშინ დააანონსა, თუმცა რას გულისხმობს სანქციები, მმართველი გუნდის ლიდერები არ აკონკრეტებენ.
საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობის შეკრებაზე უნდა მიიღონ, რომელიც შესაძლებელია დღესაც გაიმართოს.