პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან ბეიჯინგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს.
პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას.
ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა, შეთავაზება და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა.