თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლთა თავშესაფარს აღარ დახურავს. როგორც ელიზბარაშვილი ამბობს, მანამ, სანამ მას შემოსავალი ექნება, თავშესაფრის დახურვის საკითხი არ დადგება. საქველმოქმედო საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება კი ბიზნესმენის თქმით, ემოციური ფონიდან გამომდინარე გააკეთა.
რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით დღეს დაიწყო, მისი განცხადებით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ მზადაა ციხეში ჩაჯდეს.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავშესაფარი, უსახსრობის გამო, შესაძლოა, დახურულიყო.