დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ პროდასავლურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვა შესთავაზა და რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ სპეციალური საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, ქვეყანაში საკმაოდ გააქტიურებულია რუსეთის მხრიდან პროპაგანდა და ფედერაციის რბილი ძალა. კაპანაძის თქმით, ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ გამოჩნდნენ პარტიები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ პრორუსულ გზავნილებს, არამედ არიან რუსული იდეების გამტარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, ასევე საქართველოში პრორუსული განწყობის მქონე მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა.
„პრორუსული პროპაგანდის გაზრდა პირდაპირ ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში. ეს გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო რამდენიმე თვეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სახსრები გაედინება ისეთ გამომცემლობებსა და რედაქციებში, რომლებიც პრორუსულ და ქსენოფობიურ პოლიტიკას ატარებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსულ ტელეარხებს უხდიან ფულს სარეკლამო რგოლების განსათავსებლად. ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოდის “გაზპრომ-მედია” თავისი საკმაოდ დიდი პაკეტით, “ენ-ტე-ვე პლუსით”, რაც არის სერიოზხული გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორც კაპანაძემ განმარტა, მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებებისათვის დაფინანსების შეზღუდვა და ასევე რუსული მაუწყებლობის შეზღუდვა.