უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობაში პრობლემა არსებობს და ამის დამალვა არ შეიძლება. “რომ ვთქვა, არ არსებობს პრობლემა უმრავლესობაში, არ ვიქნები მართალი და ადეკვატური” – განუცხადა მან ჟურნალისტებს. თუმცა მისი თქმით, პრობლემის მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც ეს გახმოვანდა.
“რამდენიმე დეპუტატმა საკუთარ შეფასებებში მძიმე შეცდომა დაუშვა. რომ ვთქვა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს, მართალი და ადეკვატური არ ვიქნები. პრობლემა არის. ამას შეცდომას დავარქმევდი, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უმრავლესობის შიგნით უახლოეს მომავალში გაირკვევა. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. თუკი უმცირესობის მიერ კვოტის ათვისებას ასეთი პროცესი უნდა მოჰყოლოდა, მაშინ წინა პარლამენტის დროსაც უნდა გვეფიქრა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გარკვეულ თანამდებობებზე დანიშვნაზე. ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია”, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე.
კობახიძის ამ განცხადებას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მათი უფროსი არ არის. ჭიჭინაძე ამბობს, რომ მისი ბოლო დროინდელი განცხადებები “ოცნების” ზოგიერთ დეპუტატზე უკვე მიუღებელი გახდა. ის ფიქრობს, რომ გედევან ფოფხაძეს “ქართულ ოცნებაში” განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის.
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.