ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბარი: შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ ბევრია გასაკეთებელი

ტყიბულში, მინდელის შახტაში გარდაცვლილი მუშების ოჯახებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიუსამძიმრეს. სამძიმარზე მისულმა სუბარმა განაცხადა, რომ შრომის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში გაცილებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით კი ისეთ საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებში, როგორიცაა ჭიათურის მაღარო და ტყიბულის შახტაა.

სუბარი ამბობს, რომ კონკრეტულად ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 6 მეშახტე ემსხვერპლა, მიზეზებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით მაია ცქიტიშვილთან ერთად ჩამოვედით, გვინდა, რომ გარდაცვლილების ოჯახს მივუსამძიმროთ. ეს უბედურება მხოლოდ ამ ოჯახებს არ შემთხვევიათ, ეს არის საქართველოს ტრაგედია.  მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ. ზოგადად შრომის უსაფრთხოების კუთხით, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი და ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ადგილებს სადაც შრომა ყველაზე მეტად რისკის შემცველია. ეს არის ტყიბულის მაღაროები, ჭიათურა, სამშენებლო ორგანიზაციები და ამიტომ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს ხანებში ამ მიმართულებით სერიოზული გარღვევებიც გვექნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 3 მუშა დაზიანდა.

შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....