დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს შეეხო და საფეხბურთო მატჩის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, სადაც მონაწილეობას ნიგერიელ სტუდენტებთან ერთად ადგილობრივებიც ითამაშებენ.
„მე მგონია არავის მოეწონა რაც იმ დღეს მოხდა ბელიაშვილის ქუჩაზე. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი. რაც მოხდა ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო… ქართველებს არ გვჩვევია ასეთი რამ. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, რომ კვირის ბოლოს გააკეთოს ერთი ამხანაგური თამაში იგივე მოედანზე, სადაც სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას და ვისაც სურვილი გაქვთ ჩვენც ჩავერთოთ. კარგი იქნება, რომ ეს ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს, მინდა ვთხოვო ლევანს, რომ ორგანიზება გაუკეთოს“, – განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ფერადკანიანი სტუდენტები ცემეს.
ინციდენტი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე მოხდა. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთს თამაშობდა. მოგვიანებით, ხელკეტებით შეიარაღებულმა რამდენიმე მამაკაცმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტერიტორიიდან გააძევეს.
მომხდარი ერთ-ერთმა ფერადკანიანმა სტუდენტმაც გადაიღო. მათი თქმით, რასისტული და დისკრიმინაციული ძალადობის გამო მათ პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, სამართალდამცველებმა „მომხდარის დავიწყება ურჩიეს“. ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.
„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ და აქ მყოფმა ადამიანებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და გააგდეს. ჩემს მეგობრებს ჩხუბი არ უნდოდათ. როდესაც სახლიდან ჩამოვედი მეც მიყვიროდნენ , მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და გზა გავაგრძელე“- ამბობს ივზი ზაქაია.