„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ პირველადი დათვალიერების შედეგად არსებული ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროში უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების გამო არ მომხდარა და სავარაუდოდ ეს სამთო დარტყმამ გამოიწვია.
„ადგილზე დათვალიერების შედეგებით, რაც ჩვენ დავასკვენით, ადგილი აქვს სამთო დასკვნას. ეს რა თქმა უნდა არის ადგილზე დათვალიერების შედეგი, ამავდროულად ჩვენ გვაქვს დაზარალებულების უკვე გაკეთებული გარკვეული განცხადებები. რომ არ ყოფილიყო სათანადო გამაგრება, გაცილებით უფრო მძიმე შედეგი გვექნებოდა. სიცოცხლით ვაჭრობით არ ვართ დაკავებულები და ყველაფერი გაკეთდება, რომ სათანადო პატივი მიეგოს მიცვალებულებს,“-განაცხადა ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ექსპერტები ტყიბულში მუშაობას დღეს განაახლებენ. იყო თუ არა უსაფრთხოების წესები დარღვეული, ეს საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. გამოძიებას მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს.
მინდელის სახელობის შახტაში დაღუპული მუშების ოჯახებს “საქნახშირი” 20-20 ათას ლარამდე კომპენსაციას გადაუხდის.