საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველოში მომხდარი საწარმოო შემთხვევების თითქმის 99% გაუფრთხილებლობით და სტანდარტების არარსებობის გამო ხდება. პეტრიაშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე უცნობია ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი შემთხვევა ბუნებრივ კატაკლიზმებს უკავშირდება, თუ ესეც გაუფრთხილებლობის ბრალია.
„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, ეს არის სამთო მასის ჩამოწოლა და მის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის მასა, რომელმაც ეს ადამიანები გადასტყორცნა. რეალურად რა და როგორ მოხდა, ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მხოლოდ ადგილზე დათვალიერებით შევძლებთ. ეს შესაძლოა, მართლაც ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგი იყოს, ასევე შესაძლებელია, გაუფრთხილებლობასთან გვქონდეს საქმე. იმ შემთხვევაში თუ ამოღებული მასას ადგილზე მყარი ნივთიერებებით არ ჩაანაცვლებდნენ, სამთო მასის ჩამოწოლა გარდაუვალი იქნებოდა.
აუცილებელია, რომ ადგილზე დაგვიშვან, რომ გავიგოთ კატასტროფის რეალური მიზეზი. იყო შემთხვევები როდესაც პროფკავშირებს დაშვებაზე უარს გვეუბნებოდნენ, მაგალითად იგივე ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე მაქვს საუბარი, როდესაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მაშინ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე არ დაუშვეს. იმედი მაქვს იგივე არ განმეორდება”, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტიდან, ექვსი დაღუპულის ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მეშახტეები, გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში უკვე გაემართა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი. შემთხვევა წუხელ მოხდა. შახტაში აფეთქბის შდეგად 6 მეშახტე გარდაიცვალა.