„მეტრონომთან“ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, გედევან ფოფხაძის „ქართული ოცნებიდან“ წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, ფოფხაძის ეს გადაწყვეტილება იმ ღირებულებითი და მსოფლმხედველობითი დაპირისპირების გამოძახილია, რომელიც „ოცნებაში“ არსებობს. ეს დაძაბულობა მმართველ გუნდში შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც პარტიაში ახალი სახეები გამოჩდნენ. ანჯაფარიძის თქმით, „ოცნებაში“ დეპუტატების უმრავლესობა პოლიტიკაში ან არასამთავრობო ან კიდევ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოვიდა.
ანალიტიკოსის თქმით, ახალსა და ძველ ჯგუფს შორის გარკვეულ საკითხებში მსოფლმხედველური და ღირებულებითი პრობლემები გაჩნდა.
მისი აზრით, ეს კი განსაკუთრებით არა მარტო ნინია კაკაბაძის ბორდის წევრად არჩევისას გამოიკვეთა, არამედ ასევე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირებაშიც, სადაც მმართველ გუნდში აზრთასხვადასხვაობა არსებობს.
„ვფიქრობ, რომ ფოფხაძის წასვლით გამოწვეული პირველი რყევა, შეიძლება გარკვეულ რეზონანსი გამოიწვიოს. არ გამოვრიცხავ, რომ ფოფხაძის მსგავსად პარტია სხვებმაც დატოვონ. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მას თანამოაზრეები გამოუჩდნენ. ისინი ჯერჯერობით პარტიიდან წასვლისგან თავს იკავებენ, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნების“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დეპუტატების ფოფხაძის მსგავსად ფიქრობენ.
ვერ ვიტყვი, რომ გედევან ფოფხაძე ქართულ ოცნებაში მთავარი ფიგურა იყო, თუმცა არც თუ უკანასკნელი. ფაქტია, რომ მმართველ გუნდში ახალმა სახეებმა გარკვეული პოზიციების დაკავება შეძლეს და ეს დღეს კაკაბაძისთვის მხარის დაჭერაშიც გამოიხატა. რომელიღაცა კონკრეტულმა ჯგუფმა შეძლო, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო.
ფაქტიურად ამ ახალ სახეებს „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ურთიერთობები და მესამე სექტორთან სიტუაციის დალაგება აბარიათ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციებია და ეს ჯგუფი გარკვეულ ძალაუფლებას იკრებს. ამიტომ პარტიის ხელმძღვანელობა მგონია, რომ ამ ახალგაზრდა ჯგუფს უფრო მეტად უფრთხილდება. ვერ გეტყვით სამომავლოდ ამ გავლენების გადანაწილება როგორ მოხდება, თუმცა ფაქტია ხელისუფლებაში გარკვეული რყევები შეიმჩნევა“,-განაცხადა „მეტრონომთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, ფოფხაძემ უმრავლესობა იმ მიზეზით დატოვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამორჩეული ნინია კაკაბაძე აირჩიეს.