ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინია კაკაბაძე: “ნებისმიერი პარტიისთვის კარგია, რომ მის რიგებში გედევან ფოფხაძე არ იქნება”

მიხარია, რომ შესაძლებელია, პატარა ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიისკენ და მისი პრინციპების დაცვისკენ, – ასე გამოეხმაურა ნინია კაკაბაძე “ტვ პირველის” ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად არჩევას.

“რა მოხდა ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ტელეფონით შევიტყვე ეს ამბავი. მიხარია, რომ შესაძლებელია, პატარა ნაბიჯი გადაიდგა დემოკრატიისკენ და მისი პრინციპების დაცვისკენ. ერტი ნაბიჯი არ გადაიდგა იქითკენ, რომ საბოლოოდ დასამარებულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. რაც შეეხება გედევან ფოფხაძის განცხადებას, ჩემი სუბიექტური აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის კარგია, რომ მათ რიგებში გედევან ფოფხაძე არ იქნება. ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ მაქვს, რადგან არჩევისთვის მზად არ ვიყავი”, – განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კაკაბაძის კანდიდატურას მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგ წავიდა.

ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოს წევრად „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. 23 მარტს პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთ წევრად იზაბელა ოსიპოვა დაამტკიცა.

იტვირთბა....