ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად მოსწავლეს, სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით, მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, შემდგომ კი პარლამენტს გადაეგზავნება, განაცხადეს რომ აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მოსწავლეს მეტალოდეტექტორით შეამოწმებენ, აღნიშნული პროცედურა სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ცვლილებების თანახმად, სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

„განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად იქნა შემუშავებული ინიციატივა, რომელიც მანდატურის ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ზომების გატარებას და მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდას. პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შს სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას. სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. ასევე, ამ ცვლილების შედეგად, მანდატურის კანდიდატის მიმართ მოთხოვნები იცვლება.

კერძოდ, ახალი მოთხოვნების თანახმად, კანდიდატს ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება და უნდა იყოს მინიმუმ 21 წლის ასაკის. მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება.

ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. პირადი გასინჯვა იცვლება უკონტაქტო, ზედაპირული დათვალიერებით, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს და სიახლეა ასევე მანდატურის ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ, რაც მოსწავლის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....