ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუს-ი: გამოვლინდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც რადიკალურ მოწოდებებს ავრცელებდნენ

2017 წელს საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი, ზოგ შემთხვევაში კი კრიტიკული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციის მსგავსად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა რაოდენობა და მათი გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენენ ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.სუს-ის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე იბრძვის. 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული პირების საქართველოში დაბრუნების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

”საანგარიშო პერიოდში აქტიური ღონისძიებები გატარდა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის დაფინანსების ფაქტების დასადგენად. დაფიქსირდა ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე ფიზიკური პირი, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელებას ცდილობდნენ”, – ნათქვამია ანგარიშში.

იტვირთბა....