ხორავას ქუჩაძე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებისას დაღუპული დავით სარალიძის მამა მიიჩნევს, რომ მომხდარში სულ მცირე კიდევ ორი ადამიანია დამნაშავე. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ დღეს სასამართლოს სხდომაზე თქვა.
“imedinews”-ის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე – ექსპერტიზის დასკვნაზეც ისაუბრა.
“პროცესზე წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ჩემი შვილის სისხლი იყო ერთ- ერთ მოწმეზე. ეს მოწმე უკვე დაკითხულია და განმეორებით სამწუხაროდ ვეღარ დაკითხავენ. ექსპერტიზის დასკვნამ კი, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ის მოწმე პირდაპირ ყვება, რომ არ ჰქონია ჩემს შვილთან შეხება და თუ არ ჰქონია საიდან აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე ჩემი შვილის სისხლი?!”- კითხულობს ზაზა სარალიძე.
მოკლული დავით სარალიძის მამის თქმით, დაკითხულები ჩვენებებს ცვლიან.
“სიმართლე გითხრათ, წინასწარ გათვლილია ყველაფერი. რეალურად, ორი დამნაშავეა დასჯილი, მაგრამ საქმეში სხვა დამნაშავეებიც არიან, ყველა დამნაშავეა ვინც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, მაგრამ მინიმუმ ორი მკვლელი გარეთ დადის”,- განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ფარული საგამოძიებო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაცია- აუდიო და ვიდეო მასალები, გამოიკვლიეს.
მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ბრალდებამ მოიპოვა, დაცვის მხარის თქმით, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება მათ პოზიციას ადასტურებს და გამორიცხავს ბრალდების მხარის პოზიციას.
ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მათ შორის მტკიცებულება ადასტურებს, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ.
გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.