დღეს 13 საათზე, სიდას ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
საადვოკატო კომპანია „გაბუნია და პარტნიორებში”, აცხადებენ, რომ დევდარიანი “მის მიმართ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს” და პრესკონფერენციაზე ამის შესახებ განაცხადებს.
საადვოკატო კომპანიაში მეტ დეტალს არ აკონკრეტებენ, თუმცა მეორე ორგანიზაციაში (სტრატეგიული დაგეგმვის კომუნიკაციების ცენტრი), რომელიც უშუალოდ ამ პრესკონფერენციას აორგანიზებს, ამბობენ, რომ დევდარიანი სამართლებრივი დავის დაწყებას მედიის წინააღმდეგ არ აპირებს.
ცნობისთვის ზვიად დევდარიანი არაერთმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა ის ბრალდებებს უარყოფს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიებაც. დევდარიანის წინააღმდეგ ქალებმა გამოსვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატად დაასახელა.

