თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი საათობრივი ანაზღაურების გაზრდას, კერძოდ, საათში ხელზე ასაღები ამჟამად არსებული 7 ლარიდან თანხის 10 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ითხოვენ. ადგილზე მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძე და ადვოკატი ბექა ბადრიშვილი, იმყოფებოდნენ, რომლებმაც მემანქანეთა მოთხოვნების შესახებ განმარტება გააკეთეს. მათი თქმით, კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეთა 60% 65 წლამდე ვერ აღწევს.
„გაიზარდა კომუნალური გადასახადები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეთა 60% 65 წლამდე ვერ აღწევს. მათი სამუშაო პირობები მძიმეა და დამატებით სხვა სამუშაოს შეთავსებას ვერ ახერხებენ. მეტროპოლიტენის ადმინისტრაციის მხრიდან შესრულდა ორი მოთხოვნა დანამატებთან დაკავშირებით, თუმცა ამას ხელფასის მოცულობის მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოუწვევია.
კერძოდ, სტაჟის მიხედვით, მემანქანეს 22-ლარიანი დანამატი წელიწადში ერთხელ ეძლევა, მავნე და მძიმე პირობებში მუშაობისათვის ასევე ყოველთვიურად გათვალისწინებულია 56 ლარი, ამდენად დღეისათვის მემანქანის საშუალო ხელფასი 1 200 ლარს შეადგენს. მემანქანეთა ხელფასი ყოველთვის მაღალანაზღაურებადი იყო, ბოლო წლებში კი ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასის ოდენობასთან არის გათანაბრებული“, – განაცხადა რატი კაპანაძემ.
მისივე თქმით, კანონის თანახმად, მეტროპოლიტენის ადმინისტრაციასა და მათ შორის მოლაპარაკებები 21 დღეში უნდა დასრულდეს. კაპანაძის განცხადებით, თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შეთანხება ვერ შედგება, მემანქანეები გაიფიცებიან, რაც მეტროპილიტენის გაჩერებას გულისხმობს.