თემირლანის საქმეში დამნაშავეები არიან სპეცრაზმელები და თავად სუსიც. სახალხო დამცველის ანგარიშმა ცოტა იმედი ჩამისახა. მან ის თქვა, რასაც მე და ჩემი ადვოკატები ვამბობთ, – ასე გამოეხმაურა “მეტრონომთან” საუბრისას სახალხო დამცველის განცხადებას მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მისივე თქმით, რაც არ უნდა მოხდეს, დამნაშავის დასჯის მოთხოვნით, აქციებს მაინც გამართვენ.
“თემირლანის საქმეში დამნაშავეები არიან სპეცრაზმელები და თავად სუსიც. სახალხო დამცველის ანგარიშმა ცოტა იმედი ჩამისახა. მან ის თქვა, რასაც მე და ჩემი ადვოკატები ვამბობთ. რაც არ უნდა მოხდეს, ევროპულ სასამართლოში მიანც ვიჩივლებთ. აქციებსაც აუცილებლად გავმართავთ. ჯერ ტატუნაშვილის გამო გადავდეთ, ახლა ქრისტიანული დღესასწაულებია და ვცდილობ, რომ რომელიმე ისეთი დღე ავარჩიო, რომ დასვენების დღეს არ დავამთხვიო”, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2017 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც შეეხო.
როგორც ლომჯარიამ განაცხადა, მაჩალიკაშვილის საქმეზე უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ.
„2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებულ სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას.
სიცოცხლის უფლება ამ საქმეში მაშინ იქნება დაცული, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს და ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფოს წარმომარგენლები იყვნენ,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.