საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ადამიანებს თავიანთი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის ფარგლებშიც ადვოკატთა ასოციაცია პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირებს მათი საქმეების ხელახლა განხილვაში დაეხმარება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის ფენომენი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, საზოგადოებამ შეაფასა, როგორც ძალადობა და სისტემური დანაშაული და ამ პოლიტიკური შეფასების გარდა, ასევე შეიქმნა საკანონმდებლო აქტიც ამნისტიის შესახებ, თუმცა შემდეგ პროცესი წინ არ წასულა.
“საქართველოს პარლამენტმა 2012 წელ დაადგინა პოლიტიკური დევნის ფაქტები და დაადგინა სია იმ ადამიანების, რომელებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში საქმე მნიშვნელოვნად წინ ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. არაერთხელ გავუსვით ხაზი ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის საჭიროებას, თუმცა სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და მეტსაც ვიტყვი, ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულწილად უკან მიმავალი პროცესი დავინახეთ, როდესაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მაგივრად (რასაც მოელოდა ქართული საზოგადოება), ხშირ შემთხვევაში მივიღეთ ისეთი დანიშვნები, რომელთაც გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. ამ წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაჩნდა ინიციატივა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხორციელებისა, რომელსაც ბუნებრივია მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზე შევძლებთ საუბარს, ჩვენს ხელთ არ არის”,- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს. კერძოდ, ეს უნდა იყოს სამართლებრივი დევნის იურიდიული ბაზის დახვეწა, მაგრამ არა მხოლოდ ეს.
“აუცილებელია, რომ ამ შესწორებებით გასწორდეს ის უსამართლობა, რომელიც თვითონ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ახორციელებდა ამ დევნას, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც ის პოლიტპატიმრების სია, ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა და შემდეგ სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისთვის განაჩენის გამოტანა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, ვისაც ჩვენ კანონით მივეცით სტატუსი პოლიტპატიმრების, ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლის მტკიცების. ამ თვალსაზრისითაც ჩვენ სერიოზული ნაბიჯი წინ არ გადაგვიდგამს. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მათი გათავისუფლება, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრ შემთხვევაში ის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელსაც ჩვენვე დავარქვით პოლიტიკური დევნა, დღეს ძალაშია.
შესაბამისად, პოლიტიკური განცხადებების და პოზიციის დაფიქსირების პარალელურად, ჩვენ დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პირველი არის, რომ მოვიწვიეთ გაერო-ს წარმომადგენელი, რომ დაგვეხმაროს ამ რთული ვითარების გადასალახად და მოგვცეს რჩევა ამ მიმართულებით. იმ პირებს, ვინც არიან ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, ვაძლევთ ხელში რეალურ მექანიზმს თავისი უფლებების აღდგენისათვის. დღეს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაცია დაეხმარება იმ პირებს, ვისაც უნდათ, თავიანთი უდანაშაულობა სასამართლოში ამტკიცონ და მოხდება მეტი ინფორმაციის შეგროვება, თუ ვინ იყვნენ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელდებდნენ ადამიანების ციხეში ჩასმას პოლიტიკური ნიშნით”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.