„ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ რუსი დიპლომატები უნდა გავაძევოთ“- განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა მთავრობის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ამ ეტაპზე ბულგარეთმა უნდა შეინარჩუნოს კომუნიკაციის არხი ისევე, როგოც თურქეთთან დაძაბულობის დროს მოხდა და ქვეყნიდან არ უნდა გააძევოს რუსი დიპლომატები.
„როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხი, ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში თურქეთთან ზედმეტი დაძაბულობის დროს მოხდა. იგივე უნდა გავაკეთოთ რუსეთთან. ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ რუსი დიპლომატები უნდა გავაძევოთ“, – განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, აშშ-მ, ავსტრალიამ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა, თავიანთი ქვეყნებიდან 152 დიპლომატი გააძევეს.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.